გამარჯობა, მე ვარ ზურა ბალანჩივაძე, ჟურნალისტი და თბილისის გიდი 2016 წლიდან. ეს სახელი, ზურა, სპარსეთიდან შემოვიდა და ღრმად მოაზროვნეს ნიშნავს. ბევრი რამ ვისესხეთ სპარსეთიდან შუა საუკუნეების ყოველდღიურობაში. მერე უკვე ევროპელებისგან გადმოვიღეთ ახლებური ტანსაცმელი, ქცევა და არქიტექტურა და საბოლოოდ, მივიღეთ ტფილისი – ყველაზე მრავალფეროვანი ქალაქი კავკასიაში, რომლის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური (ზოგჯერ რელიგიურიც) საყრდენი მრავალფეროვნება იყო.

დღეს ჩვენ მრავალფეროვან თბილისში გავსქროლავთ. შემოვივლით რუსთაველის გამზირს, ვნახავთ და მოგიყვებით მელიქ-აზარიანცის სახლზე, კინოს სახლზე, კაფე გალერის ისტორიასაც მოისმენთ, გავივლით ოპერის თეატრს, თბილისი მერიოტს, პარლამენტის შენობას, ქაშუეთის ეკლესიას, მოსწავლეთა სასახლეს და ჩავალთ თავისუფლების მოედანზე.

შემდეგ ავუხვევთ მთაწმინდის უბანში, სადაც მოვივლით ბანკის შენობას, ეშმაკიანი სახლს იაშვილზე, ბოზარჯიანცისა და მირზა რეზა ხანის სახლებს ჭონქაძეზე.

იქიდან სოლოლაკში და ასათიანით დავეშვებით კალაუბნის ვიწრო ქუჩებში სეიდაბადისკენ, სადაც გზად ვნახავთ ვაჭართა სკოლა ასათიანზე მილოვების სახლს და ესტონეთის საკონსულოს ქიქოძეზე, კალანტაროვის, სარაჯიშვილის და ბერიას სახლებს იაშვილზე, მე6 საავტორო სკოლას, გუდიაშვილის სკვერს, პურის მოედანს და ჩავალთ მეიდანზე.

ტურის დასასრულს შევივლით აბანოთუბანში, იქ, საიდანაც 2000 წლის წინ ყველაფერი დაიწყო. ეს თბილისია, მრავალფეროვნებისთვის დაარსებული ქალაქი, რომელსაც ახლა თქვენც აღმოაჩენთ.