ბლოგი

5 ქალაქი სადაც მიკრო მობილობა ყველაზე სწრაფად ვითარდება

სკუტერისა და ველოსიპედის გაზიარება ბევრი ქალაქის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. არსებულმა პანდემიამ და ეკოლოგიურმა პრობლემებმა კი მიკრო მობილობის განვითარების პროცესები კიდევ უფრო დააჩქარა.

რატომ ცდილობენ დიდი ქალაქები მიკრო მობილობის განვითარებას?

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქალაქს აქვს საკუთარი სპეციფიკური მახასიათებლები და საჭიროებები, როგორც ჩანს, არსებობს მთელი რიგი კრიტერიუმებისა, რომლებიც განსაზღვრავს საერთო მიკრო მობილობის განვითარებას და გრძელვადიან წარმატებას.

პირველ რიგში, ეს ხდება გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად. დიდ ქალაქებში, რა თქმა უნდა, ჰაერი უფრო დაბინძურებულია, რასაც ბევრი ავტომობილის ხშირი მოძრაობა იწვევს. შესაბამისად, ასეთი ქალაქები ეძებენ გამოსავალს, რომ შეამცირონ ავტომობილების რაოდენობა და გააუმჯობესონ საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგია.

კიდევ ერთი მიზეზი უფრო მეტი თავისუფალი სივრცის შექმნაა. გაჩერებული მანქანა გზის საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. მიკრო მობილობის განვითარებით კი ეს სივრცე ეთმობათ ადამიანებს, თავიანთი საყვარელი აქტივობების შესასრულებლად, რადგან, ელექტრონული სკუტერები თუ ველოსიპედები ზომაში გაცილებით უფრო მცირეა, შესადამისად ძალიან დიდი რაოდენობით ადგილი იზოგება.

დღეს ქალაქებმა, რომლებიც ურბანული პრობლემების ინოვაციური გზით მოგვარებას ცდილობენ, მიკრო მობილობა მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნიეს და ხელს უწყობენ მის კიდევ უფრო განვითარებას. 

 

აქვე მოგიყვებით რამდენიმე ქალაქზე, სადაც მიკრო მობილობა სწრაფად ვითარდება: 

 

პარიზი

პარიზი, მსოფლიოში 29-ე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. 2019 წელს 38 მილიონი ტურისტით, ჰაერის დაბინძურების მაღალი დონით და ძალზე მჭიდრო მოძრაობით, დედაქალაქმა გადაწყვიტა ეკოლოგიური ტრანსპორტზე გადავიდეს.

მთელ დედაქალაქში საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები იკავებენ ისეთ ადგილებს, რომლებსაც ერთ დროს მხოლოდ მანქანებს იყენებდნენ. პარიზში “15 წუთიანი ქალაქი” (ville du quart d’heure) მიკრო მობილობის მოდელი ხდება, სადაც მუდმივად ხორციელდება უფრო მწვანე ინიციატივები და გადაწყვეტილებები.

დღეს პარიზელების 60%-ზე მეტს არ ჰყავს მანქანა, ხოლო გაზიარების სერვისს 225,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს! მათი მიზანია ავტოსადგომის ადგილების 50%-ით შემცირება და 2026 წლისთვის მწვანე სივრცეების რაოდენობის გაზრდა.

 

ბარსელონა

ბარსელონამ მიკრო მობილობის გეგმა ჯერ კიდევ 2013 წელს წარადგინა. ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქში შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც დაბინძურებულმა ჰაერმა და მუდმივმა ხმაურმა გამოიწვია.

ამიტომ საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფეხით მოსიარულეთათვის მეტი ადგილი დაეთმოს და შეიქმნას ისეთი ტერიტორიები, სადაც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს ანიჭებენ პრიორიტეტს და სიჩქარის მაქსიმალური ზღვარია – 10 კმ/სთ.

მიზანი ასობით მწვანე ტერიტორიის შექმნაა, რაც შეამცირებს აზოტის დიოქსიდის დონეს 24%-ით, ანუ 36 მგ კუბურ მეტრზე. დღეს აზოტის დიოქსიდის დონეა 47 მგ კუბურ მეტრზე, ხოლო ჯანმო რეკომენდაციით, ეს დონე არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს. უფრო მეტიც, ნაჩვენებია, რომ ტრეფიკის 13%-იანი შემცირებით, ბარსელონას შეეძლება თავისი საზოგადოებრივი სივრცის 70%-ის დაბრუნება.

 

მილანი

მილანი იტალიის განვითარებული, მაგრამ ძლიერ დაბინძურებული ინდუსტრიული რეგიონის გულში მდებარეობს. კორონავირუსის პანდემიამ დაბინძურების დონე შეამცირა და ამით პრობლემასთან ბრძოლის ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა.

მობილობის სისტემა სახელწოდებით “Strade Aperte” (ღია ქუჩები) 2020 წელს დაიწყო. მისი მიზანია სოციალური დისტანცირების შენარჩუნება და მუდმივი ეკონომიკური საქმიანობის უზრუნველყოფა. შეიქმნა ახალი სივრცეები, ხოლო ქალაქის ცენტრში გადაადგილების სიჩქარე 35 კმ/სთ-მდე შემცირდა. ეს ქალაქს ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხოს ხდის და ხელს უწყობს მის გამწვანებას. 

 

ჰავაი

Aloha მიკრო მობილობა! წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე, ჰონოლულუ ალბათ ყველაზე პერსპექტიული ქალაქია მიკრო მობილობის განვითარების მხრივ. ამინდის ძალიან ხელსაყრელი პირობების წყალობით, სკუტერები და ველოსიპედები ავტომობილების ეფექტური ალტერნატივაა.

ჰავაი არა მხოლოდ უღარიბესი შტატია, არამედ აქ მოსახლეობის დიდ პროცენტს ჭარბი წონა აწუხებთ. ველოსიპედით, სკუტერებით ან თუნდაც ფეხით სიარული კი მათვის, გარდა გადაადგილების, ფიზიკური აქტივობის ალტერნატივაც გახდა. 

 

ჩიკაგო

როგორც ჩიკაგოს ტრანსპორტის დეპარტამენტის კომისრის მოადგილემ შონ ვიდელმა ინტერვიუში აღნიშნა:

”ამ კრიზისამდე სკუტერები უბრალოდ სატრანსპორტო სისტემას ავსებდნენ. ახლა, ხშირ შემთხვევაში, ისინი გადაადგილების ძირითადი საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც სულაც არ გრძნობს თავს კომფორტულად საცობებში საათობით დგომით.”

ქალაქმა გადაწყვიტა დაიწყოს თავისი ინიციატივის მეორე ეტაპი და ქუჩებში სკუტერების რაოდენობა 2500-დან 10 000-მდე გაზარდა.

 

როგორ ვითარდება მიკრო მობილობა საქართველოში? 

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოში მიკრომობილობისთვის მზადება ბათუმმა სხვა ქალაქებზე ადრე დაიწყო. 6,5 კილომეტრიანი ველობილიკი ძველი ბულვარიდან ახალი ბულვარის ბოლომდე გრძელდება. წითელი ბილიკი არა მხოლოდ ბულვარს, არამედ ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთსაც აფერადებს.

თბილისში კი მესამე ზოლის არსებობა პეკინიდან დაიწყო და ახლა უკვე ვხედავთ, ნელ-ნელა, როგორ ვრცელდება ქალაქის სხვადასხვა უბანში. ასევე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თბილისში სულ მალე სკუტერებისთვის განკუთვნილი საპარკინგე ზონები გამოჩნდება,  ყველაფერი ეს, არის პირველი სწორად გადადგმული ნაბიჯი მიკრო-მობილობის პოპულარიზაციისთვის ჩვენს ქალაქში.

მომავალში თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა და უფრო მეტი ბილიკი დაემატება ქალაქს, ყველანი ვიხილავთ, თუ როგორ აგვარებს მიკრო-მობილობა ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ, ურბანულ თუ სხვა პრობლემებს.