სქროლის სიახლეები

ბუნების დაცვის მსოფლიო დღე

გარემოზე ზრუნვა უკვე ერთგვარი მოძრაობაა, რომელსაც უამრავი დადებითი შედეგი მოაქვს ეკოლოგიისთვის. 28 ივლისი სწორედ ის დღეა, როცა მთელი მსოფლიო ერთიანდება ბუნების დაცვის დღის აღსანიშნავად. ამ დღის მიზანია აამაღლოს ცნობიერება ადამიანებში და დაგვანახოს ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ.

ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ზღვის დონის ზრდა და ა.შ. – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებზეც თითოეულ ჩვენგანს არაერთხელ გვსმენია. ისიც გაგვიგია, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედებას გამოუსწორებელი შედეგებიც მოაქვს და მისი შემცირება აუცილებელია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ცოტა ადამიანი უკავშირებს ამას საკუთარ თავს, რადგან ფიქრობს, რომ ბუნებაზე ზრუნვას იმაზე მეტი ძალა სჭირდება, ვიდრე მას აქვს. რეალურად, ბუნების წინაშე ჩვენი ვალდებულების შესასრულებლად სულაც არ არის აუცილებელი დიდი რესურსები. შენს სულ მცირე ქმედებასაც კი ბევრი დადებითი ეფექტის გამოწვევა შეუძლია.

მაგალითად:

  • წვენის, ყავის ან სხვა ნებისმიერი სასმლის შეკვეთისას არ დაგავიწყდეს მიმტანის გაფრთხილება, რომ შეკვეთა პლასტმასის საწრუპის გარეშე მოგიტანოს – პლასტმასის საწრუპები მსოფლიო ოკეანის ნაგვის 1/5 წარმოადგენს. ყოველწლიურად დაღუპული ზღვის ცხოველების კუჭში პლასტმასის საწრუპების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმისთვის, რომ ჭიქა პლასტმასის საწრუპით გაგვეფორმებინა.
  • უარი თქვი პოლიეთილენის პარკებზე, ატარე ნაჭრის ჩანთები – რთულად გადასამუშავებელ ნაგავს შორის პოლიეთილენის პარკები ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. რატომ არ უნდა ჩავანაცვლოთ ისინი ლამაზი, ფერადი ჩანთებით თუ ვიცით, რომ გამოყენების მერე პოლიეთილენს ერთჯერადი გამოყენების შემდეგ კიდევ ასწლეულობით დავტოვებთ დედამიწაზე?
  • ატარე საჭმელი მხოლოდ მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერით – რა თქმა უნდა, პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერები და შეფუთვები კომფორტულია ტრანსპორტირებისას, გარდა ამისა შენახვის ვადასაც უხანგრძლივებს და სამსახურში სატარებლად მარტივია, მაგრამ მათი მნიშვნელობა იმდენად დიდი და შეუცვლელი მაინც არ არის, რომ ამის გამო ასობით წელი დავტოვოთ გარემოში. ხომ არსებობს გამოსავალი, რატომ არ უნდა ჩავანაცვლოთ ისინი მრავალჯერადი გამოყენების კონტეინერებით?
  • გამოიყენე ნაკლები ქაღალდი – დღევანდელ სამყაროში, ქაღალდის მოხმარება თითქმის არც უნდა გვჭირდებოდეს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ჩვენი ჩეკები, წერილები, დოკუმენტები, ან თუნდაც ბილეთები ელექტრონული ვერსიით მივიღოთ.
  • გასქროლე – ჩვენ ყოველდღიურად ბევრ ურბანულ პრობლემას ვაწყდებით, იქნება ეს: დაბინძურებული ჰაერი, საცობები თუ გადატვირთულ გზები. უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების წყალობით, შესაძლებელი გახდა მანქანით მგზავრობის ჩანაცვლება ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, რაც ქალაქს საცობებისგან და ეკოლოგიური პრობლემებისგან განტვირთავს. რატომ არ უნდა გასქროლო, თუ კი შენს გამო 1-ით ნაკლები ავტომობილი დააბინძურებს გარემოს?
  • გაავრცელე ინფორმაცია, დააწყებინე სხვებსაც ბუნებაზე ზრუნვა  – საბოლოოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ინფორმაციის გავრცელებაა. გარემოზე ზრუნვა, ადამიანზე ზრუნვას ნიშნავს, ამიტომაც გააგებინე შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს თუ როგორ შეიტანონ წვლილი ბუნების გადარჩენაში.