სქროლის სიახლეები

სქროლის ეფექტი, ანუ როგორ ვცვლით გარემოს უკეთესობისკენ

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე - World Environment Day

სქროლის გორიალები თბილისის ქუჩებში ერთ თვეზე ცოტა მეტია გამოჩნდა, თუმცა ჩვენ უკვე შეგვიძლია დავინახოთ მათი პოზიტიური ზეგავლენა და ურბანული გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობას იმედით შევხედოთ.

ჩვენი მომხმარებლები გორიალას საშუალოდ 3,6 კმ-ზე გადასაადგილებლად ხმარობენ. ამ მანძილის გასავლელად, ეკომეგობრული ტრანსპორტის არარსებობის შემთხვევაში, მათ ნაწილს მოუწევდა, რომ ავტომობილით ემგზავრა.

ამის ნათელსაყოფად, შეგვიძლია SYSTRA-ს მიერ ჩატარებული კვლევა გავიხსენოთ, საიდანაც გავიგეთ, რომ ავტომობილი 20% შემთხვევაში 1.5 კილომეტრის გასავლელად გამოიყენება. რა თქმა უნდა, 3,6 კმ-ზე ეს პროცენტი კიდევ უფრო მეტი იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, სქროლერებმა ჯამში 253 639 კილომეტრი გაიარეს. იმ მარტივი ფაქტის გამო, რომ ამ გადაადგილებებისთვის ადამიანებმა გორიალა გამოიყენეს, ატმოსფეროში ნახშირორჟანგის (CO₂) ემისია დაახლოებით 16 ტონით შემცირდა.

გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი შედეგი არასათანადო ინფრასტრუქტურის პირობებში გვაქვს: ზოგისთვის დამაბრკოლებელი შეიძლება სწორედ ველობილიკების ნაკლებობა იყოს.

თუ წარმოვიდგენთ ნათელ მომავალს და დავუშვებთ, რომ ურბანული გარემო მიკრომობილობის მოთხოვნებს მოერგება და მოკლე მანძილზე გორიალათი გადაადგილება ყველასთვის კომფორტული გახდება, კიდევ უფრო სერიოზულ შედეგებამდე მივალთ.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მიღებული რიცხვები ჩვენ ძალიან გვახარებს, ვფიქრობთ, რომ მაქსიმუმისგან ჯერ შორს ვართ.

ამ შედეგამდე სქროლი მარტო არ მისულა. იმ ადამიანების გარეშე, რომლებმაც მანქანა სახლში დატოვეს და ეკომეგობრული ტრანსპორტით ჩაანაცვლეს, ჩვენ არაფერი გამოგვივიდოდა.

სქროლი თქვენთან ერთად შეცვლის თბილისს. ეს იქნება ქალაქი, სადაც ცოტა მანქანა, ბევრი მწვანე სივრცე და ასევე ბევრი გორიალაა.

გარემოს დაცვის დღეს გილოცავთ!