სქროლის სიახლეები

მიკრომობილობის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში

სწრაფი ურბანიზაციის შედეგად, ქალაქი გახდა სივრცე, სადაც გადაადგილება მოუხერხებელი, ჰაერი – დაბინძურებული, ცხოვრება კი – ხმაურიანია.

დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი ავტომობილებია. თბილისის მოქალაქეები მოკლე დისტანციის გავლას მანქანით ამჯობინებენ: კერძო ავტომანქანების გადაადგილებების 20% მოდის 1.5 კმ-მდე დისტანციაზე (წყარო: თბილისის სატრანსპორტო კვლევა SYSTRA-ს მიერ, 2016 წელი).
ამ დისტანციის დასაფარად, მანქანის გამოყენება ნამდვილად არ არის საჭირო.

ელექტროსკუტერის დანიშნულება

მანქანების შესამცირებლად, მსოფლიოს ქალაქებში ელექტროსკუტერები გამოჩნდა, რომლის მიზანიც ქალაქების საცხოვრებლად უკეთეს ადგილად გადაქცევაა.

სკუტერს თავისი სპეციფიკური როლი აქვს ურბანულ მობილობაში: ის მოკლე მანძილზე გადასაადგილებლადაა შექმნილი. “მოკლე” ის მანძილია, რისი ფეხით დაფარვაც მარტივი, თუმცა დროში გაწელილია; რომლის გასავლელადაც მანქანით საცობში მოხვედრა არ ღირს და უბრალოდ დროის კარგვაა.

გამოყენების მაგალითები რეალურ ცხოვრებაში

სკუტერს ყველა ადამიანი თავისებურად იყენებს.

  • მაგალითად, თუ გაჩერებიდან 2 კილომეტრში ცხოვრობ და ამ გზის ფეხით გავლა ხანდახან დამღლელად გეჩვენება, ელექტროსკუტერი ამ დროს იდეალური გამოსავალია.
  • თუ სამსახურთან ახლოს მუშაობ და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას აზრი არ აქვს, რადგან საცობში იმაზე მეტ დროს დაკარგავ, ვიდრე ფეხით მისვლაში დაგეხარჯებოდა, ხოლო ფეხით და ველოსიპედით მისვლა კი არ გინდა, სკუტერი ამ დროსაც კარგი გამოსავალია.
  • ან თუ სამსახურის შესვენება ეფექტურად გინდა გამოიყენო და საკვებ ობიექტამდე მალე მიხვიდე, სკუტერი ამ დროსაც გამოგადგება. თან, ლანჩის დროს უკეთესადაც დაისვენებ, რადგან სკუტერი ეფექტურთან ერთად, სახალისო ტრანსპორტია.

შენ შეგიძლია სხვა მიზნით გამოიყენო ის: შესაძლოა, მთავარი ხიბლი შენთვის ის ბედნიერება იყოს, რაც სკუტერით გადაადგილებას მოაქვს და ამიტომ ყველგან სკუტერით მიდიოდე.

საერთო ჯამში, ელექტროსკუტერი ავსებს სიცარიელეს სატრანსპორტო ქსელში და ადამიანებს სთავაზობს, დანიშნულებას ბოლომდე მიაღწიონ. მას “ბოლო მილის” სატრანსპორტო საშუალებას უწოდებენ და ის უკანასკნელ რგოლს წარმოადგენს ქალაქში გადაადგილების პროცესში: თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ადამიანი გაჩერებამდე მიჰყავს, სკუტერი მას გაჩერებიდან სახლამდეც მიიყვანს.